Posts Tagged ონლაინ ბიზნესი

ონლაინ თავისუფლება საქართველოში 2011

2011 წლის აპრილში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში ონალინ–თავისუფლების ინდექსი. ზოგადად მოხსენების, მისი მთავარი დასკვნებისა და კრიტერიუმების შესახებ წინა პოსტი შეგიძლიათ ნახოთ. ახლა კი საქართველოს რაპორტზე იქნება საუბარი.

2009 წელთან შედარებით (43 ქულა) საქართველომ 8 პუნქტით გააუმჯობესა საკუთარი ინდექსი, თუმცა მიუხედავად ამისა ისევ ნახევრად–თავისუფალი ქვეყნების რიგებში მოხვდა 35 ქულით. ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა: წვდომის სიადვილე – 12; კონტენტის შეზღუდვა – 10; უფლებების დარღვევა – 13. (რაც ნაკლებია ქულა, მით მეტია თავისუფლება).

საქართველოში ინტერნეტთან პირდაპირი წვდომა მოსახლეობის 30 პროცენტს, ანუ 1.3 მილიონ ადამიანს აქვს. Web 2.0 აპლიკაციები (რომლებიც ინფორმაციის არა მარტო მოხმარების, არამედ გენერირების საშუალებასაც იძლებიან. ასეთებად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად, ბლოგძრავი WordPress ან სოციალური ქსელები) დაბლოკილი არ არის, დაფიქსირებული არ არის ონლაინ მედიაზე თანმიმდვრული პოლიტიკური ცენზურა, თუმცა არის ბლოგერების/ონლაინ აქტივისტების დაკავების ფაქტები. ონლაინ–მედიის თავისუფლების დონე შეფასებულია, როგორც ნაწილობრივ თავისუფალი.

მოხსენებაში აღნიშნულია სამთავრობო სააგენტოების მიერ ონლაინ აპლიკაციების დანერგვა და გარკვეული პროცედურების ინტერნეტ–სივრცეში გადატანა. აღნიშნულია, სოციალურ ქსელ Facebook–ის მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა. ეს სოციალური ქსელი საზოგადოებრივ დისკუსიებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მედიაში გაიზარდა ონლაინ–მედიის წილი და ჟურნალისტებიც უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებსა და ისეთ საიტებს, როგორიცაა YouTube, ტრადიციულ მედიაში დასაქმებული ჟურნალისტების დიდ ნაწილს არ აქვს საკამრისი გამოცდილება ონლაინ–აპლიკაციებთან სამუშაოდ.

წვდომის სიადვილე

საქართველოში იზრდება ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი, თუმცა ხარისხის გათვალისწინებით მომსახურება ძვირია, ინფრასტრუქტურა კი – არაადეკვატური. 1.3 მილიონი ინტერნეტ მომხმარებლიდან 150,000–ს აქვს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი (broadband). ინტერნეტის საშუალო გადასახადი თვეში 25 ამერიკული დოლარია, 1 მეგაბიტი/წამში ბროუდბენდ კავშირის მინიმალური ღირებულება კი თვეში 10 დოლარს უტოლდება.

2004 წლის 840,000 შედარებით 2009 წლისთვის ქვეყანაში 2.8 მილიონი მობილური ტელეფონის ნომერი იყო დარეგისტრირებული. მიუხედავად შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა, მობილური ტელეფონით ინტერნეტს ძალიან ცოტა მომხარებელი იყენებს მაღალი ფასების გამო.

ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების 55% ინტერნეტში სახლიდან შედის, 21% – მეგობრის კომპიუტერიდან, 9% – სამსახურიდან, 6% – მობილური ტელეფონებიდან, 6% – ინტერნეტ–კაფეებიდან. რაპორტში აღნიშნულია, რომ მრავალ კაფეს, რესტორანს, სასტუმროსა და კინოს აქვს უსადენო ინტერნეტ–მომსახურება. თუმცა ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, უფრო კონკრეტულად კი მის ცენტრს.

საქართველოში 19 ინტერნეტ–პროვაიდერია. ბაზარზე ლიდერია სილქნეტი 40 პროცენტით, მას მოჰყვება კაუკასუს ონლაინი დაახლოებით 38 პროცენტიანი საბაზრო წილით. 19 პროვაიდერიდან 3 მობილური ოპერატორიცაა.

ქვეყანაში ხშირია ინტერნეტ–კავშირის წყდომა. სხვებზე მეტად, ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევები კაუკასუს ონლაინთან არის დაკავშირებული. რაპორტში აღნიშნულია, რომ ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევების დროს, ინტერნეტ–პროვაიდერებს მომხმარებლებისთვის არ აქვთ პასუხი და ხანდახან არც თვითონ იციან, როგორ მოაგვარონ პრობლემა. ადგილობრივი ექსპერტები (რომელი ადგილობრივი ექსპერტები? – ავტორის შენიშვნა) ტექნიკურ შეფერხებებს შავი ზღვის ფსკერზე გადებულ კაბელს უკავშირებენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მთავარი სამთავრობო რეგულაციური სააგენტოა. ფრიდომ ჰაუსის აზრით, არ არსებობს კომისიის ობიექტურობაში დაეჭვების საფუძველი. თუმცა კომისია ონლაინ სივრცის, ტრადიციული მედიისა და ტელეკომუნიკაციების საკიტხების რეგულაციისთვის ერთსა და იმავე პროცედურებს იყენებს.

კონტენტის შეზღუდვა

სამთავრობო ცენზურა ონლაინ თავისუფლებისთვის მთავარი დაბრკოლება არ არის. ინტერნეტის ქართველ მომხარებლებს საშუალება აქვთ ინტერნეტში გააკეთონ პრაქტკულად ყველაფერი, რაც მოესურვებათ. პირატული კონტენტის ვებ–გვერდების მოხმარება შემცირდა სოციალური ქსელების, ვიდეო–გაზიარების, ახალი ამბებისა და ბლოგების გაპოპულარულების ფონზე. ზოგიერთი კერძო კომპანია თუ სამთავრობო სააგენტო, სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა ბლოკავდეს წვდომას სხვადასხვა საიტებთან. ორივე, საჯარო და კერძ სექტორები ფართოდ იყენებენ სოციალურ ქსელებს პერსონალის მოძიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნით.

საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც ზღუდავს ონლაინ კონტენტს, მაგალითად პორნოგრაფიას ან ძალადობრივ მასალებს. საქართველოს კანონი მოზარდების არასასურველი გავლენისგან დაცვის შესახებ არ ეხება ონლაინ სივრცეს. საბოლოო ჯამში, ბუნდოვანი კანონმდელობა შესაძლოა მომავალში ცენზურისთვის იქნას გამოყენებული.

2010 წლის აპრილში ფეისბუქზე გაიხსნა ჯგუფი “ნანუკას შოუს” წინააღმდეგ. მისი ადმინისტრატორის განცხადებით უცნობმა სახელმწიფო მოხელეებმა ის აიძულეს გაეუქმებინა ჯგუფი.

შესაბამისი ტექნოლოგიური განათლების არქონა არის ონლაინ ბიზნესის განვითარების შეფერხების ერთ–ერთი წინაპირობა. მძიმედ ვითარდება ონლაინ რეკლამების ბაზარი. მედია საშუალებების ზოგიერთი მფლობელის ცნობით, სხვადასხვა კომპანიები თავს არიდებენ ისეთ საიტებზე რეკლამის განთავსებას, რომელთაც მთავრობისადმი კრიტიკული პოზიცია უკავიათ.

ქართულ კიბერსივრცეშ არსებობს დაახლოებით 100 ბლოგერი, რომლებიც მეტ–ნაკლებად აქტიურობენ. ბლოგოსფერო სუსტია. მიუხედავად წინააღმდეგობების არარსებობისა, ინტერნეტ სივრცეში სუსტად არიან წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობები და სხვა ჯგუფები, მაგალითად იძულებით გადაადგილებული პირები სამხრეთ ოსეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დიდი ნაწილი ინტერნეტს გართობისთვის იყენებს (ხაზგასმა ავტორისაა), ონლაინ სივრცეში შეინიშნევა საზოგადოებრივი საკითხების განხილვის გააქტიურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე მასში ამოიცნეს პირი, რომელმაც ანტი–სამთავრობო აქციებში მონაწილე ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხმარებელთა უფლებების დარღვევა

საქართველოს კონსტიტუცია და სხვადასხვა კანონები უზრუნველყოფენ ონლაინ–სივრცეში სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლებას. უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით. ონლაინ–ქმედება შეიძლება დასჯადი გახდეს, უმეტესაც ცილისწამების (რაპორტში მითითებულია სიტყვა defamation – ავტორის შენიშვნა) გამოვლენის შემთხვევაში.

2009 წლის ნოემბერში პოლიციამ დააკავა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც იუტუბზე საქართველოს პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეო გამოაქვეყნეს. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ იმოქმედა ონლაინ სივრცეში (ფეისბუქსა და forum.ge–ზე) საკამათო კონტენტის შესახებ გაჩაღებული დისკუსიის საპასუხოდ. ფორმალური გამოძიების არჩატარების მიუხედავად, პოლიციამ ორი მოზარდი დააკავა, გათავისუფლებამდე კი მათ აიძულა ვიდეოს წაშლა საიტიდან. პოლიციამ მოახდინა ახალგაზრდების კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკის კონფისკაცია, თუმცა ისინი არ დაუბრუნებია და არც ამის სამართლებრივი საფუძვლები აუხსნია.

საქართველოს კანონმდელობა პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურებს ანიჭებს მნიშვნელოვან თავისუფლებებს ონლაინ მეთვალყურეობის საწარმოებლად. ძალოვან სტრუქტურებს სასამართლოს ნებართვის გარეშეც შეუძლიათ ონლაინ ზედამხედველობის დაწყება, თუმცა სასამართლოს ნებართვა დაწყებიდან 24 საათში უნდა მოიპოვონ. მართალია არსებობს გარკვეული ფორმალური პროცედურები, მაგრამ რეალურად საკმარისია მომხმარებლის ეჭვმიტანილად ან კრიმინალური კავშირების მქონედ მიჩნევა. 2010 წლის სექტემბერში განახლდა კანონი ოპერატიულ–საგამომძიებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ძალოვან სტრუქტურებს სასამართლოს ნებართვის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ ვებ–საიტებს, მეილ სერვერებს, ინტერნეტ პროვაიდერებს და სხვა შესაბამის კომპანიებს მოთხოვონ მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა და საუბრის ჩანაწერების გაზიარება. ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი მასალა იმის აღსაწერად, თუ როგორ მოქმედებს კანონი.

ინტერნეტ პროვაიდერები ვალდებული არიან, შესაბამისი სამთავრობო სააგენტოების მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინონ მომხმარებლების სტატისტიკური მონაცემები – სხვადასხვა საიტებზე ვიზიტისა და ტრაფიკის ჩათვლით. ეს წესები ვრცელდება მობილურ ოპერატორებზეც. შეიძლება ითქვას, ინტერნეტ–კაფეები გამონაკლისს წარმოადგენენ, რამდენადაც ისინი არ ინიშნავენ მომხმარებლების საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.

კიბერ–შეტევები არც თუ ისე ხშირია, თუმცა წარმოადგენს დავის საგანს საქართველოსა და რუსეთს შორის. 2008 წლის ომის დროს საქართველოს სამთავრბო სააგენტოების საიტზე განხორციელდა კიბერშეტევები. 2009 წლის აგვისტოში ქართველი ბლოგერი Cyxymu გახდა კიბერ–შეტევების მსხვერპლი, რომელმაც LiveJournal–ის გარდა  ფეისბუქისა და Twitter–ის მუშაობაც შეაფერხა. თავად ბლოგერმა, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის ქმედებებს სამხრეთ ოსეთში, შეტევებში კრემლი დაადანაშაულა.

, , , , , , , , ,

Leave a comment