Archive for category ZZ Miscellanea

პითონის default ვერსიის შეცვლის, სიმბოლური ლინკებისა და yum-ის KeyboardInterrupt ერორის ამბავი

რამდენიმე ხნის წინ დამჭირდა პითონის დააფდეითება 2.7.5-დან 3.2.3-ზე ჩემს ფედორა 19-ზე. დააფდეითების შემდეგ ($ sudo yum upgrade python), ვერსიად მაინც ძველს (2.7.5) მაჩვენებდა.

მცირედი დაგუგლვის შემდეგ ვიპოვე, რომ საკითხის მოგვარება მარტივად შეიძლება პითონის სიმბოლური ლინკის შეცვლით:

/usr/bin-ში (სადაც არის პითონის ინსტალაცია), არის ფაილი python, რომელიც უთითებს პითონის ვერსიაზე.

ამის შემოწმება შეგვიძლია შემდეგნაირად:

$ readlink /usr/bin/python

python2

python2 იყო ბრძანების პასუხი.

symbolic link-ების შესაქმნელად თუ შესაცვლელად ვიყენებთ ln-ს. შეიძლება symbolic link ისე შევცვალოთ, რომ არ წავშალოთ.

პითონის შემთხვევაში:

$ ln -f -s /usr/bin/python3 /usr/bin/python

$ readlink /usr/bin/python

-f არის ბრძანების ფორსირება. -s არის სომბოლური ლინკის შექმნა. ამის შემდეგ, ჯერ ვუთითებთ target ფაილს/ფოლდერს, შემდეგ კი ლინკს.

შედეგი:

$ python –version

Python 3.2.3

ამას კიდევ ერთი შედეგი მოჰყვა. კერძოდ ის, რომ yum-მა პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარი განაცხადა. ნებისმიერი პაკეტის ინსტალაციის თუ აფდეითის დროს, აგდებდა შეცდომას:

File “/usr/bin/yum”, line 30

except KeyboardInterrupt, e:

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმე სამხრეთ ამერიკული სერიალის სიუჟეტივით ყოფილა ჩახლართული.

პითონის 3.2.3 ვერსიას ჰქონია ავი ზნე: სისტემას მოყოლილ პითონის ინსტალაციის ბრძანება python-ს ცვლის. რა შუაშია yum-თან? ეს უკანასკნელი პითონის (2.7.5 ვერსიის) გარვეულ მოდულებს იყენებს.

მოკლედ, ინტერნეტში ბევრი სხვადასხვა ვერსიაა პრობლემის მოსაგვარებლად. მაგალითად, რჩევა $ yum clean all ბრძანების გაშვებისა. არ დაიჯეროთ. yum საერთოდ არ ეშვება და აბა clean all-ს როგორ იზამს.

მოკლედ, “დავროლბექდი” ისევ 2.7.5-ზე სიმბოლური ლინკების გადართვით:

$ ln -f -s /usr/bin/python2 /usr/bin/python

ცოტაოდენი კითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თუ პითონის ახალ ვერსიას დავაინსტალირებთ make install-ით უარესად იქნება საქმე და yum-ს შეიძლება მხოლოდ პითონის ძველი ვერსიის ფორსირებულმა გადაინსტრალირებამ უშველოს. აქ არის დეტალები: http://stackoverflow.com/questions/11171015/python-and-yum-issue-centos-5-4

ალტერნატივა (ანუ საჭიროების შემთხვევაში პითონის ახალი ვერსიის გამოყენება) არის პითონის სასურველი ვერსიის ცალკე დაინსტალირება (ძველი ვერსიის შენარჩუნებით) და “პირდაპირ დაძახება” python3-ით ან /usr/bin/python3.3-ით.

$ python3 –version

Python 3.3.3

, , , , , , , ,

Leave a comment

Collusion – ვინ აგროვებს ინტერნეტში ინფორმაციას თქვენზე

როდესაც მომხმარებელი ინტერნეტში დაძრწის, ის თავის ინფორმაციას ძალაუნებურად აწვდის სხვადასხვა ვებსაიტებს. კონკრეტულად რა ინფორმაციას და რა მოცულობით აგზავნის – ეს უკვე მომხმარებლის ჩვევებსა და მისი ბრაუზერის setting-ებზეა დამოკიდებული. ამაზე უკვე მაქვს დაწერილი პოსტი. ისე კი, თქვენმა ბრაუზერმა ინტერნეტში შეიძლება დაარიგოს თქვენი IP მისამართი, რომელ ბრაუზერს (ქრომი, ფაიერფოქსი, ინტერნეტ ექსპლორერი. . .) ხმარობთ, რომელი ოპერაციული სისტემა (Windows, Mac OS, ლინუქსი. . .) გაქვთ, თქვენი ეკრანის ზომა და ა.შ.

როდესაც შედიხართ ერთ საიტზე, ცხადია, ამ საიტს აწვდით ინფორმაციას, მაგრამ თვითონ ამ საიტზე შეიძლება იყოს უამრავი პლაგინი (ფეისბუქის, google analytics-ის და ა.შ.), რომელთაც სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. შეიძლება თქვენს მიერ გაცემული ინფორმაცია გამოყენებული იქნას უბრალოდ სტატისტიკისთვის და სერვისის გაუმჯობესებისთვის (რომელ ბრაუზერს ხმარობენ მოცემულ საიტზე შესული მომხმარებლები), რეკლამისთვის ან იმის განსასაზღვრად, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის რაიმე ვირუსის შემოტყუება (თუ საიტზე ჩაგდებულია ვირუსი ვინდოუსის ოპერაციული სისტემისთვის და თქვენ ლინუქსით შეხვედით, ვირუსმა, შესაძლოა, არც კი სცადოს თქვენი კომპიუტერის დაინფიცირება).

რამდენიმე ხნის წინ ერთ extension-ს გადავაწყდი Google Chrome-სთვის, რომელსაც ეწოდება Collusion. ეს ექსტენშენი იძლევა გრაფიკულ გამოსახულებას, თუ რომელ საიტებზე გაიგზავნა თქვენი ინფორმაცია.

გადავწყვიტე ეს ექსტენშენი დამეტესტა. ამას გარდა, Collusion გარკვეულწილად Do Not Track ფუნქციის დატესტვის შესაძლებლობასაც იძლევა. ამ ფუნქციის მონიშვნის შემთხვევაში თქვენი ბრაუზერი ვებსაიტებს ეუბნება, რომ თქვენ ინფორმაციის მიწოდება არ გსურთ (თუმცა შესაძლებელია, რომ საიტების (სერვერების) ნაწილმა  უგულებელჰყოს Do Not Track და მაინც შეაგროვოს თქვენს შესახებ ინფორმაცია).

როგორ დავაყენოთ Collusion

Google Chrome-ით შევდივართ შემდეგ საიტზე: disconnect.me და გადავდივართ Tools მენიუში. შემდეგ კი ვაჭერთ წითლად მონიშნულ იკონკას:

Get_Collusion

ეს დააინსტალირებს ექსტენშენს თქვენს ქრომში. შემდეგ სასურველია, რომ გამორთოთ ქრომი და თავიდან შეხვიდეთ. ქრომის მარჯვენა ზედა კუთხეში ახალი იკონკა უნდა გაჩნდეს, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც გამოჩნდება გრაფიკული გამოსახულება, თუ რომელმა საიტებზე მიიღეს თქვენი ბრაუზერიდან ინფორმაცია.

Collusion

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსტენშენის ავტორთა მტკიცებით, მათი ქმნილება ინფორმაციას არსად არ აგზავნის. გრაფიკული გამოსახულებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავს თქვენს კომპიუტერში.

დატესტვა და მისი შედეგები

თავდაპირველად გადავწყვიტე Collusion მეცადა ისე, რომ გამორთული იყო Do Not Track.

ქრომის მისამართის ზოლში ჩაწერეთ :

chrome://settings –> Show advanced settings. . . –> Privacy

Do_Not_Track_Switched_Off

ამის შემდეგ შევედი იმ ვებსაიტებზე, რომელზეც ჩვეულებრივ შევდივარ ხოლმე: youtube.com (logged in), facebook.com (logged in), bbc.com/football, wired.com, nationalgeographic.com, slashdot.org).

Websites_Browsed

შედეგი:

Tracked Sites

თითოეულ რგოლზე მაუსის მიყვანისას გამოჩნდება ვებსაიტის სახელი.

ლურჯი შარავანდედით შემოსილი რგოლები, არიან საიტები სადაც შეხვედით. სწორედ მათგან გამოდიან ხაზები და მიემართებიან იმ საიტებისკენ (რგოლებისკენ), რომელთაც თქვენი ბრაუზერიდან ინფორმაცია მიიღეს.

წითელი რგოლებით აღნიშნულია ვებსაიტები, რომლებიც ცნობილია, რომ აგროვებენ მომხმარებელთა ინფორმაციას. რუხი ფერის რგოლებიანი ვებსაიტები კი შესაძლოა აგროვებდნენ ინფორმაციას, შესაძლოა არა.

თუ რომელიმე წითელ ან რუხ რგოლთან მიიყვანთ კურსოს, გამოჩნდება, თუ რომელი ვებსაიტებიდან იღებენ ისინი ინფორმაციას.

ექსტენშენის სხვა ფუნქციების აღწერას აღარ გავაგრძელებ.

ტესტი Do Not Track-ით

შემდეგი ტესტისთვის Do Not Track ფუნქცია მოვნიშნე (იხილეთ ზემოთ).

შევედი იგივე ვებსაიტებზე.

შედეგი:

with_Do_Not_Track

(რადიკალურ) განსხვავებას ვერ ვხედავ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს Do Not Track-ის არაეფექტურობას.

ა) შესაძლოა Collusion http header-ს, რომელშიც მონიშნულია Do Not Track, მაინც თვლის როგორც გაგზავნილ/მიწოდებულ ინფორმაციას.

ბ) შესაძლოა (მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა), სურათზე გამოსახულ ყველა ვებსაიტი აიგნორებდეს Do Not Track-ს.

ეს შეკითხვა Collusion-ის ავტორებსაც მივწერე. მათი მხრიდან feedback-ის შემთხვევაში, პოსტს დავააფდეითებ.

საბოლოო ჯამში Collusion სასარგებლოა. სულ მცირე იმას მაინც ანახებს, მოცემული ვებსაიტიდან რომელ სხვა საიტებზე მიდის ინფორმაცია.

ქრომში ექსტენშენის წაშლისთვის შევდივართ chrome://extensions/ და შემდეგ ვაჭერთ შესაბამისი ექსტენშენის გასწვრივ ნაგვის ყუთს:

remove_extension

აქვე დავამატებ, რომ Collusion არის open-source.

ამას გარდა, თუ თქვენ იყენებთ ფაიერფოქსს, არსებობს იგივე სახელისა და ფუნქციების მქონე add-on: addons.mozilla.org/en/firefox/addon/collusion/ (თუმცა არ დამიტესტავს).

, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Leave a comment

თუ PDF ფაილს “ვადა გაუვიდა”. . . – JavaScript

PDF ფაილის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების, დაცვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ფაილზე JavaScript კოდის მიმაგრება, რომელიც დოკუმენტის გახსნისა და სარგებლობის მხოლოდ (ამ კოდში) მითითებულ ვადებში იძლევა.

თუ ასეთი დაცვის მექანიზმის მქონე PDF-ფაილს თქვენ ვადის გასვლის შემდეგ გახსნით, მაშინ დაახლოებით ასეთ მესიჯს მიიღებთ:

მესიჯი იტყობინება, რომ საჭიროა გარკვეულ (სკრიპტის ავტორისთვის სასურველ) ვებსაიტზე შესვლა და დოკუმენტის ყიდვა.

ასეთი დაცვის მექანიზმის გვერდის ავლა მარტივია.

თუ PDF დოკუმენტების გახსნისთვის ვიყენებთ Adobe Reader-ს:

Edit –> Preferences

გამოვა ახალი ფანჯარა. მოვნახოთ JavaScript მარცხენა მენიუში.

Enable Acrobat JavaScript იქნება მონიშნული. მონიშვნა უნდა მოვუხსნათ.

OK

გავხსნათ ჩვენი დოკუმენტი.

Adobe Reader ან ახალი ფანჯრის სახით ან დოკუმენტის თავზე ყვითელ ზოლად გამოიტანს გაფრთხილებას, რომ JavaScript გამორთულია. ყურადღებით წაიკითხეთ რა წერია – შეიძლება პროგრამა JavaScript-ის ჩართვას ითხოვდეს და პირდაპირ Yes-ის დაჭერით, ზემოთ აღწერილი მანიპულაცია გასამეორებელი გექნებათ.

JavaScript-ის მსგავსი კოდით დაცული დოკუმენტის გახსნისა და წაკითხვის კიდევ ერთი მეთოდია კომპიუტერში დროის შეცვლა, მაგრამ ეგ უფრო რთულია. გარდა ამისა, არეული საათით უფრო მეტი პრობლემა შეგექმნებათ, ვიდრე Adobe Reader-ში JavaScript-ის გამორთვით.

და კიდევ: თუ გინდათ თქვენი PDF ფაილის დაცვა არაავტორიზებული წვდომისგან, ამ ბლოგპოსტში აღწერილ მეთოდს მაინც და მაინც ნუ ენდობით.

, , , , , , ,

Leave a comment

რას ამბობს თქვენი ბრაუზერი თქვენზე

ისევე როგორც არ არსებობს ორი იდენტური თითის ანაბეჭდი, ასევე არ არსებობს ორი იდენტური კომპიუტერული სისტემა (მაგალითად, კომპიუტერები, რომელთაც ახლა უსხედხართ). როდესაც ინტერნეტში შედიხართ, თქვენ (უფრო სწორედ, თქვენი ბრაუზერი) ტოვებთ კვალს, რომელიც ერთობ ინფორმაციული შეიძლება იყოს.

ვებსაიტი browserspy.dk გეტყვით რა უნიკალურ კვალს ტოვებს თქვენი ბრაუზერი ინტერნეტში. როდესაც ამ საიტზე შეხვალთ, მარცხენა სვეტში სხვადასხვა ტესტებია ჩამოწერილი. სულ 80-მდე ტესტია, რამდენიმე მათგანი მხოლოდ Internet Explorer-ზე ან სხვა სპეციფიკურ ბრაუზერზე მუშაობს. მარცხენა სვეტში რომელიმე ბმულზე დაჭერისას ხორციელდება ტესტი და აგრეთვე ახსნილია თუ რა ინფორმაციის და რა მეთოდით მიღებას ისახავს ის მიზნად.

browserspy.dk მოიცავს ისეთ ტრივიალურ ტესტებს, როგორიცაა IP-სა და თქვენი ინტერნეტის გამტარუნარიანობის (bandwidth) გაგება და ამოცნობა, თუ რომელი ბრაუზერით ხართ ინტერნეტში შესული. ამას გარდა ის გაცნობებთ: აქვს თუ არა თქვენს ბრაუზერს ActiveX-ის, Adobe Reader-ის, AJAX-ის და სხვა (ვებ) ტექნოლოგიების მხარდაჭერა. იგებს თუ როგორი პოლიტიკა გაქვთ cookies-ების მიმართ (რა შეიძლება იყოს cookie-ს მაქსიმალური ზომა, ჯამში რა მოცულობის cookies-ს მიღება შეუძლია ბრაუზერს, რა cookies-ები გაქვთ სისტემაში იმ მომენტში და ა.შ.).

ყველა ტესტის ჩამოთვლა საჭირო არ არის, მაგრამ browserspy.dk-ს ტესტებს შეუძლიათ გაიგონ, რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ (მისი ვერსიისა და სხვა წვრილმანების ჩათვლით), გაქვთ არა გარკვეული პროგრამები (მაგალითად, MS Office-ს უფასო ალტერნატივა Libre Office) დაინსტალირებული, გაქვთ თუ არა დაყენებული DirectX, რომელი საათია თქვენი კომპიუტერული სისტემის მიხედვით და რომელი სასაათო სარტყელი გაქვთ მითითებული და ა.შ.

ერთ ტესტი (Mathematical Information) JavaScript-ის მეშვეობით თქვენს სისტემას გარკვეულ მათემატიკურ გამოთვლებსაც გააკეთებინებს და წარმოგიდგენთ პის, სხვადასხვა რიცხვების ლოგარითმებსა და მათ კვადრატულ ფესვებს.

შესაძლებელია აგრეთვე დადგინდეს რა ფონტები გაქვთ სისტემაში დაინსტალირებული. აღმოჩნდა, რომ 441 ფონტი მქონია და მათი სახელწოდებებიც ჩამოიწერა.

საბოლოო ჯამში, საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია გამოდის. browserspy.dk-ზე თავმორილი ტესტების უმრავლესობას სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციები უკვე დიდი ხანია იყენებენ. ისინი, უპირველეს ყოვლისა, აპლიკაციების უფრო user friendly გარდაქმნასა და მოხმარების სიადვილის (usability) გაუმჯობესებას ემსახურებიან. მაგალითად, ფონტების ტესტის შემდეგ ვებ აპლიკაციამ შესაძლოა თქვენთვის სასურველი კონტენტი უფრო მისაღები ფორმით წარმოგიდგინოთ.

ცხადია, თუ ვინმე თქვენი ბრაუზერის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას usability-სთვის იყენებს, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ინფორმაციას თავიანთ სასარგებლოდ და თქვენს საზიანოდ გამოიყენებენ. შესაძლებელია, სისტემისა და ბრაუზერის ისე დაკონფიგურირება, რომ თქვენს შესახებ გაცილებით ნაკლები ინფორმაცია იყოს ცნობილი და თავად ბრაუზერიც უფრო უსაფრთხო გახდეს სხვადასხვა script-based შეტევების მიმართ (ამაზე სხვა პოსტში დავწერ). თუმცა ბრაუზერი სრულიად უჩინარი ვერასოდეს გახდება. თუ ინტერნეტში სადმე წააწყდით ინფორმაციას, რომ ბრაუზერის რაღაც setting-ების შეცვლით შესაძლებელია FBI-ის ისე დაჰაკვა, რომ ვერ მოგაგნებენ – ტყუილია.

უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და თქვენი სისტემის შესახებ ინფორმაციის გაუვრცელებლობის უზრუნველყოფის ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი (რომელიც ყველა პრობლემას ვერ აგვარებს, თუნდაც იმიტომ, რომ მრავალი სხვდასხვა ვებ ტექნოლოგია/პლატფორმა არსებობს და ერთის გათიშვა არ არის საკმარისი) ბრაუზერში სკრიპტების (JavaScript-ის) აღსრულების აკრძალვაა.

ქრომში ეს შემდეგნაირად კეთდება:

Settings –> Show Advanced Settings –> Privacy –> Content Settings (გაიხსნება ახალი ფანჯარა) –> JavaScript –> მონიშნეთ Do not allow any site to run JavaScript –> OK

სხვა ბრაუზერებისთვის დაგუგლეთ disable JavaScript in Firefox/Internet Explorer/Opera. . .

მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მრავალი ვებ საიტი იყენებს JavaScript-ს კონტენტის უკეთ პრეზენტაციისთვის. ამას გარდა, ბრაუზერებს ჩაშენებული და ამოქმედებული აქვთ თავდაცვის გარკვეული მექანიზმები by default. როდესაც ვებ აპლიკაცია თქვენს სისტემას რაიმე კოდის/სკრიპტის (მაგალითად, Java-ში დაწერილის) აღსრულებას სთხოვს, წესითა და რიგით, ბრაუზერზმა მისამართის ზოლის ქვემოთ (ან სხვა თვალსაჩნო ადგილას) გაფრთხილება უნდა ამოაგდოს, რომელიც კოდის გაშვებისთვის თქვენს ნებართვას ითხოვს:

ამიტომ რაღაცეების ტოტალურად გათიშვაზე უფრო ეფექტური კონკრეტული სიტუაციისადმი რაციონალური მიდგომა და ბრაუზერების უსაფრთხოების  საკითხზე ინფორმაციის მოძიება მგონია.

გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ზომის მიღებაც. HTTP პროტოკოლს, რომელიც ინტერნეტში მონაცემთა გაცვლისა და კომუნიკაციის საფუძველია, აქვს ერთგვარი ფუნქცია, რომელსაც ეწოდება do-not-track (DNT). ეს ფუნქცია ბრაუზერიდან უნდა ჩართოთ (როგორც ამბობენ, ქრომში ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება 2012 წლის ბოლოდან), რის შემდეგაც თქვენი ბრაუზერი ვებ საიტს ეტყვის, რომ თქვენ არ გსურთ მას (ვებსაიტს) მიაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ მოხვდით მასთან. გაითვალისწინეთ, რომ საიტების (სერვერების) ნაწილს შეუძლია უგულებელჰყოს თქვენი სურვილი და მაინც ჩაინიშნოს როგორ მოხვდით მასთან.

Firefox-ში do-not-track-ის გააქტიურებისთვის:

Tools –> Options –> გამოვა ახალი ფანჯარა, სადაც უნდა მონახოთ Privacy –> მონიშნეთ Tell websites I do not want to be tracked

ამ მეთოდების გარდა, შესაძლებელია ასევე კომპიუტერიდან Java-ს და სხვა პლატფორმების (Adobe Flash) ამოინსტალირებაც. მაგრამ გაწვალდებით. მაგალითად, Flash-ის მოსპობის შემთხვევაში, YouTube-ით ვეღარ ისიამოვნებთ.

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments

Facebook-ზე საკუთარი მოღვაწეობის ვიზუალიზაცია – Wolfram Alpha

საძიებო სისტემა Wolfram Alpha საშუალებას გვაძლევს Facebook-ზე დარეგისტრირების დღიდან ჩვენს მიერ დაგროვილ მთელს ინფორმაციაში ვიქექოთ და ამას არსებული მონაცემების ვიზუალიზაციით აკეთებს.

ვოლფრამ ალფა ე.წ. computational knowledge engine-ს ანუ ისეთ საძიებო სისტემას წარმოადგენს, რომელიც ნაცვლად ბმულებისა, პირდაპირ გვიგდებს ძიების ობიექტის შესახებ არსებულ ინფორმაციას. თუ ჩავწერთ Benjamin Franklin, საძიებო სისტემა ამოგვიგდებს მის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს, სურათს, მისი კარიერის თაიმლანს, ფაქტებს, რომლებიც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ და ა.შ.

გადიდებისთვის დაწკაპეთ სურათზე

ჩვენი ფეისბუქზე მოღვაწეობის ვიზუალიზაციისთვის საჭიროა შევიდეთ wolframalpha.com-ზე, (საიტზე რეგისტრაცია საჭირო არ არის), საძიებო ზოლში ჩავწეროთ Facebook report, მივცეთ Add App ვოლფრამის ფეისბუქის აპლიკაციაზე, მერე მივცეთ ჩვენს მონაცემებთან წვდომის ნებართვა და ორიოდ წუთში მთელი თქვენი ფეისბუქური კარიერა ფერად-ფერად, სექსუალურ გრაფებში იქნება გადმოცემული. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე თქვენი ფეისბუქიდან გადმოქაჩული მონაცემები 1 საათის მანძილზე იქნება ქეშირებული (მერე უნდა წაიშალოს).

ვოლფრამიდან საკუთარი თავის შესახებ, შეიძლება ისეთი რამეები შეიტყოთ, რაზეც წარმოადგენა არც კი გქონდათ. მაგალითად, რომელ ფაზაში იყო მთვარე როცა დაიბადეთ? რომელი თანავარსკვლავედები ჩანდა ცაზე თქვენი დაბადების დროს იმ ქალაქიდან, სადაც დაიბადეთ?

ვოლფრამის მიერ მოწოდებული ინფორმაციით  გაიგებთ, ფეისბუქზე დარეგისტრირების დღიდან რამდენი პოსტი გამოაქვეყნეთ, რამდენი (სისულელე) გაასტატუსეთ, რამდენი ფოტო ატვირთეთ, რამდენი ლაიქი და კომენტარი მიიღეთ ამ ყველაფერზე. ვოლფრამი მონაცემთა საშუალო არითმეტიკულებსაც (მოდასაც და მედიანასაც) ანგარიშობს. იმასაც გაიგებთ, თუ რომელ თვეში აქტიურობდით ყველაზე მეტად და იფიქრებთ იმაზე, თუ რატომ იღებთ ყველაზე ნაკლებ ლაიქს თებერვლის თვეში.

ვოლფრამი თქვენს მიერ დაშეარებული ლინკებიდან ყველაზე პოპულარულსაც იპოვის. Youtube-დან დაშეარებულ რომელ ვიდეოს ჰქონდა ყველაზე მეტი ლაიქი და შეარი? ჩემთან გარი მურის Still Got the Blues for You-ს აღმოჩნდა.

ჩემი ექაუნთის სტატისტიკური მონაცემებიდან აღსანიშნავია, რომ ჩემს ფეისბუქის მეგობართა წრეში პრაქტიკულად დაცულია გენდერული ბალანსი (განსხვავება 1.2 პროცენტია ქალების სასარგებლოდ), იმ მეგობრებიდან, რომელთაც relationship status მითითებული აქვთ, 39 პროცენტს bf/gf არ ჰყავს, 28% დაოჯახებულია, მეოთხედი კი ყურებამდეა შეყვარებული (ან არც არის).

ვოლფრამ ალფა მეგობართა ქსელსაც (↓) წარმოგვიდგენს: რა გვაქვს მათთან საერთო – უმაღლესი სასწავლებელი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ქალაქი თუ არაფერი

თავად ვოლფრამის საიტზე ქსელის ეს გრაფა ინტერაქტიულია – ყოველი წრე მეგობარია და მაუსის მიყვანით მის ვინაობას იგებთ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ვოლფრამი თქვენს შესახებ გაგაგებინებთ. მონაცემები იმდენად user friendly გზით არის წარმოადგენილი, რომ ჯობია ისეთ დროს გააკეთოთ, როდესაც ნახევარ საათს მაინც გეცლებათ.

გარდა ამისა, ვოლფრამ ალფა წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რამხელა რისკია (არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი მეგობრებისთვისაც) თქვენს შესახებ არსებული ინფორმაციის არასასურველ ხელში ჩავარდნა.

, , , , , ,

Leave a comment

ონლაინ თავისუფლება საქართველოში 2011

2011 წლის აპრილში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში ონალინ–თავისუფლების ინდექსი. ზოგადად მოხსენების, მისი მთავარი დასკვნებისა და კრიტერიუმების შესახებ წინა პოსტი შეგიძლიათ ნახოთ. ახლა კი საქართველოს რაპორტზე იქნება საუბარი.

2009 წელთან შედარებით (43 ქულა) საქართველომ 8 პუნქტით გააუმჯობესა საკუთარი ინდექსი, თუმცა მიუხედავად ამისა ისევ ნახევრად–თავისუფალი ქვეყნების რიგებში მოხვდა 35 ქულით. ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა: წვდომის სიადვილე – 12; კონტენტის შეზღუდვა – 10; უფლებების დარღვევა – 13. (რაც ნაკლებია ქულა, მით მეტია თავისუფლება).

საქართველოში ინტერნეტთან პირდაპირი წვდომა მოსახლეობის 30 პროცენტს, ანუ 1.3 მილიონ ადამიანს აქვს. Web 2.0 აპლიკაციები (რომლებიც ინფორმაციის არა მარტო მოხმარების, არამედ გენერირების საშუალებასაც იძლებიან. ასეთებად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად, ბლოგძრავი WordPress ან სოციალური ქსელები) დაბლოკილი არ არის, დაფიქსირებული არ არის ონლაინ მედიაზე თანმიმდვრული პოლიტიკური ცენზურა, თუმცა არის ბლოგერების/ონლაინ აქტივისტების დაკავების ფაქტები. ონლაინ–მედიის თავისუფლების დონე შეფასებულია, როგორც ნაწილობრივ თავისუფალი.

მოხსენებაში აღნიშნულია სამთავრობო სააგენტოების მიერ ონლაინ აპლიკაციების დანერგვა და გარკვეული პროცედურების ინტერნეტ–სივრცეში გადატანა. აღნიშნულია, სოციალურ ქსელ Facebook–ის მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა. ეს სოციალური ქსელი საზოგადოებრივ დისკუსიებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მედიაში გაიზარდა ონლაინ–მედიის წილი და ჟურნალისტებიც უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებსა და ისეთ საიტებს, როგორიცაა YouTube, ტრადიციულ მედიაში დასაქმებული ჟურნალისტების დიდ ნაწილს არ აქვს საკამრისი გამოცდილება ონლაინ–აპლიკაციებთან სამუშაოდ.

წვდომის სიადვილე

საქართველოში იზრდება ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი, თუმცა ხარისხის გათვალისწინებით მომსახურება ძვირია, ინფრასტრუქტურა კი – არაადეკვატური. 1.3 მილიონი ინტერნეტ მომხმარებლიდან 150,000–ს აქვს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი (broadband). ინტერნეტის საშუალო გადასახადი თვეში 25 ამერიკული დოლარია, 1 მეგაბიტი/წამში ბროუდბენდ კავშირის მინიმალური ღირებულება კი თვეში 10 დოლარს უტოლდება.

2004 წლის 840,000 შედარებით 2009 წლისთვის ქვეყანაში 2.8 მილიონი მობილური ტელეფონის ნომერი იყო დარეგისტრირებული. მიუხედავად შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა, მობილური ტელეფონით ინტერნეტს ძალიან ცოტა მომხარებელი იყენებს მაღალი ფასების გამო.

ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების 55% ინტერნეტში სახლიდან შედის, 21% – მეგობრის კომპიუტერიდან, 9% – სამსახურიდან, 6% – მობილური ტელეფონებიდან, 6% – ინტერნეტ–კაფეებიდან. რაპორტში აღნიშნულია, რომ მრავალ კაფეს, რესტორანს, სასტუმროსა და კინოს აქვს უსადენო ინტერნეტ–მომსახურება. თუმცა ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, უფრო კონკრეტულად კი მის ცენტრს.

საქართველოში 19 ინტერნეტ–პროვაიდერია. ბაზარზე ლიდერია სილქნეტი 40 პროცენტით, მას მოჰყვება კაუკასუს ონლაინი დაახლოებით 38 პროცენტიანი საბაზრო წილით. 19 პროვაიდერიდან 3 მობილური ოპერატორიცაა.

ქვეყანაში ხშირია ინტერნეტ–კავშირის წყდომა. სხვებზე მეტად, ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევები კაუკასუს ონლაინთან არის დაკავშირებული. რაპორტში აღნიშნულია, რომ ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევების დროს, ინტერნეტ–პროვაიდერებს მომხმარებლებისთვის არ აქვთ პასუხი და ხანდახან არც თვითონ იციან, როგორ მოაგვარონ პრობლემა. ადგილობრივი ექსპერტები (რომელი ადგილობრივი ექსპერტები? – ავტორის შენიშვნა) ტექნიკურ შეფერხებებს შავი ზღვის ფსკერზე გადებულ კაბელს უკავშირებენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მთავარი სამთავრობო რეგულაციური სააგენტოა. ფრიდომ ჰაუსის აზრით, არ არსებობს კომისიის ობიექტურობაში დაეჭვების საფუძველი. თუმცა კომისია ონლაინ სივრცის, ტრადიციული მედიისა და ტელეკომუნიკაციების საკიტხების რეგულაციისთვის ერთსა და იმავე პროცედურებს იყენებს.

კონტენტის შეზღუდვა

სამთავრობო ცენზურა ონლაინ თავისუფლებისთვის მთავარი დაბრკოლება არ არის. ინტერნეტის ქართველ მომხარებლებს საშუალება აქვთ ინტერნეტში გააკეთონ პრაქტკულად ყველაფერი, რაც მოესურვებათ. პირატული კონტენტის ვებ–გვერდების მოხმარება შემცირდა სოციალური ქსელების, ვიდეო–გაზიარების, ახალი ამბებისა და ბლოგების გაპოპულარულების ფონზე. ზოგიერთი კერძო კომპანია თუ სამთავრობო სააგენტო, სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა ბლოკავდეს წვდომას სხვადასხვა საიტებთან. ორივე, საჯარო და კერძ სექტორები ფართოდ იყენებენ სოციალურ ქსელებს პერსონალის მოძიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნით.

საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც ზღუდავს ონლაინ კონტენტს, მაგალითად პორნოგრაფიას ან ძალადობრივ მასალებს. საქართველოს კანონი მოზარდების არასასურველი გავლენისგან დაცვის შესახებ არ ეხება ონლაინ სივრცეს. საბოლოო ჯამში, ბუნდოვანი კანონმდელობა შესაძლოა მომავალში ცენზურისთვის იქნას გამოყენებული.

2010 წლის აპრილში ფეისბუქზე გაიხსნა ჯგუფი “ნანუკას შოუს” წინააღმდეგ. მისი ადმინისტრატორის განცხადებით უცნობმა სახელმწიფო მოხელეებმა ის აიძულეს გაეუქმებინა ჯგუფი.

შესაბამისი ტექნოლოგიური განათლების არქონა არის ონლაინ ბიზნესის განვითარების შეფერხების ერთ–ერთი წინაპირობა. მძიმედ ვითარდება ონლაინ რეკლამების ბაზარი. მედია საშუალებების ზოგიერთი მფლობელის ცნობით, სხვადასხვა კომპანიები თავს არიდებენ ისეთ საიტებზე რეკლამის განთავსებას, რომელთაც მთავრობისადმი კრიტიკული პოზიცია უკავიათ.

ქართულ კიბერსივრცეშ არსებობს დაახლოებით 100 ბლოგერი, რომლებიც მეტ–ნაკლებად აქტიურობენ. ბლოგოსფერო სუსტია. მიუხედავად წინააღმდეგობების არარსებობისა, ინტერნეტ სივრცეში სუსტად არიან წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობები და სხვა ჯგუფები, მაგალითად იძულებით გადაადგილებული პირები სამხრეთ ოსეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დიდი ნაწილი ინტერნეტს გართობისთვის იყენებს (ხაზგასმა ავტორისაა), ონლაინ სივრცეში შეინიშნევა საზოგადოებრივი საკითხების განხილვის გააქტიურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე მასში ამოიცნეს პირი, რომელმაც ანტი–სამთავრობო აქციებში მონაწილე ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხმარებელთა უფლებების დარღვევა

საქართველოს კონსტიტუცია და სხვადასხვა კანონები უზრუნველყოფენ ონლაინ–სივრცეში სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლებას. უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით. ონლაინ–ქმედება შეიძლება დასჯადი გახდეს, უმეტესაც ცილისწამების (რაპორტში მითითებულია სიტყვა defamation – ავტორის შენიშვნა) გამოვლენის შემთხვევაში.

2009 წლის ნოემბერში პოლიციამ დააკავა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც იუტუბზე საქართველოს პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეო გამოაქვეყნეს. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ იმოქმედა ონლაინ სივრცეში (ფეისბუქსა და forum.ge–ზე) საკამათო კონტენტის შესახებ გაჩაღებული დისკუსიის საპასუხოდ. ფორმალური გამოძიების არჩატარების მიუხედავად, პოლიციამ ორი მოზარდი დააკავა, გათავისუფლებამდე კი მათ აიძულა ვიდეოს წაშლა საიტიდან. პოლიციამ მოახდინა ახალგაზრდების კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკის კონფისკაცია, თუმცა ისინი არ დაუბრუნებია და არც ამის სამართლებრივი საფუძვლები აუხსნია.

საქართველოს კანონმდელობა პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურებს ანიჭებს მნიშვნელოვან თავისუფლებებს ონლაინ მეთვალყურეობის საწარმოებლად. ძალოვან სტრუქტურებს სასამართლოს ნებართვის გარეშეც შეუძლიათ ონლაინ ზედამხედველობის დაწყება, თუმცა სასამართლოს ნებართვა დაწყებიდან 24 საათში უნდა მოიპოვონ. მართალია არსებობს გარკვეული ფორმალური პროცედურები, მაგრამ რეალურად საკმარისია მომხმარებლის ეჭვმიტანილად ან კრიმინალური კავშირების მქონედ მიჩნევა. 2010 წლის სექტემბერში განახლდა კანონი ოპერატიულ–საგამომძიებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ძალოვან სტრუქტურებს სასამართლოს ნებართვის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ ვებ–საიტებს, მეილ სერვერებს, ინტერნეტ პროვაიდერებს და სხვა შესაბამის კომპანიებს მოთხოვონ მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა და საუბრის ჩანაწერების გაზიარება. ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი მასალა იმის აღსაწერად, თუ როგორ მოქმედებს კანონი.

ინტერნეტ პროვაიდერები ვალდებული არიან, შესაბამისი სამთავრობო სააგენტოების მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინონ მომხმარებლების სტატისტიკური მონაცემები – სხვადასხვა საიტებზე ვიზიტისა და ტრაფიკის ჩათვლით. ეს წესები ვრცელდება მობილურ ოპერატორებზეც. შეიძლება ითქვას, ინტერნეტ–კაფეები გამონაკლისს წარმოადგენენ, რამდენადაც ისინი არ ინიშნავენ მომხმარებლების საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.

კიბერ–შეტევები არც თუ ისე ხშირია, თუმცა წარმოადგენს დავის საგანს საქართველოსა და რუსეთს შორის. 2008 წლის ომის დროს საქართველოს სამთავრბო სააგენტოების საიტზე განხორციელდა კიბერშეტევები. 2009 წლის აგვისტოში ქართველი ბლოგერი Cyxymu გახდა კიბერ–შეტევების მსხვერპლი, რომელმაც LiveJournal–ის გარდა  ფეისბუქისა და Twitter–ის მუშაობაც შეაფერხა. თავად ბლოგერმა, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის ქმედებებს სამხრეთ ოსეთში, შეტევებში კრემლი დაადანაშაულა.

, , , , , , , , ,

Leave a comment

f.lux – თუ კომპთან დიდხანს ატარებთ და თვალები გენანებათ

f.lux – საინტერესო პროგრამას წავაწყდი. მათთვისაა ვინც ბევრ დროს (თუმცა არ ვიცი კონკრეტულად რამდენია “ბევრი დრო”) ატარებს კომპთან. განსაკუთრებით თუ არასაკმარისი/ცუდი განათების პირობებში გიწევთ მუშაობა.

f.lux საშუალებას მოგცემთ დაარეგულიროთ თქვენი ეკრანის განათებულობა (ეკრანის Brightness-ზე არ არის საუბარი). პროგრამა განსაკუთრებით მოსახერხებელია იმათთვის, ვისაც ხშირად უწევს მგზავრობა და გარემო პირობების შეცვლა ლეპტოპთან ერთად. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პროგრამა მცირე ზომისაა და მნიშვნელოვან ოპერატიულ ან “მყარ” მეხსიერებას არ მოითხოვს.

პროგრამა უფასოა და შეგიძლიათ დაქაჩოთ აქედან: http://www.stereopsis.com/flux/

საინსტალაციო პაკეტის ჩამოქაჩვის შემდეგ, დააინსტალირეთ. პროგრამის გაშვების შემდეგ საჭიროა, პროგრამის დაყენება იმ ადგილისათვის, სადაც თქვენ იმ დროისათვს იმყოფებით – საუბარია ქალაქზე.

პროგრამა ყოველთვის მოთავსებული იქნება თასკბარში. ვხსნით პროგრამას და მივდივართ Change Settings. შემდეგ მოვნახავთ Set Your Location და ვაწკაპებთ Change. გამოვა ახალი პატარა ფანჯარა, სადაც ჩაწერეთ Tbilisi, Georgia და Locate. შესაძლოა პროგრამამ პირდაპირვე ვერ იპოვოს თქვენ მიერ მითითებული ადგილი და ბრაუზერის ახალ ფანჯარაში გაგიხსნით პატარა რუკას. ისევ ჩაწერეთ Tbilisi, Georgia და რუკის ქვემოთ ამოაგდებს კოორდინატებს, რომელიც დააკოპირეთ და ჩასვით უკვე ხსენებულ პატარა ფანქარაში და OK.

პროგრამა თავისით “მიხვდება” თქვენს ადგილას დღეა თუ ღამეა. დროის შესაბამისად თქვენი ეკრანის განათებულობა შეიცვლება. თუ ღამეა, კომპიუტერის ეკრანი ოდნაც გადაწითლდება, რაც თვალებისთვის უფრო მოსახერხებელია თუ გარშემო სიბნელეა (ამას გარდა სიბნელეში კაშკაშა ეკრანის ყურება უფრო ტვირთავს ტვინს, რის შემდეგაც რთულდება დაძინება). თუ ღამით თქვენ განათებულ ადგილას იმყოფებით, შეგიძლიათ გახსნათ პროგრამა და მონიშნოთ Disable for one hour და თქვენი ეკრანი მაშინვე დაუბრუნდება საწყის პოზიციას.

ეკრანის განათებულობის კონტროლს პროგრამა ავტომატურად ახორციელებს თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაძლებელია ეკრანის განათებულობის ცვლა თქვენი სურვილის მიხედვითაც.

Tombstone – 7.4/10Wyatt Earp & Doc Holliday 

კურტ რასელი კარგია, მაგრამ

ვალ კილმერი ვესტერნებში სათამაშოდ არის დაბადებული – 10/10

 

Leave a comment