Posts Tagged ბრაუზერების უსაფრთხოება

რას ამბობს თქვენი ბრაუზერი თქვენზე

ისევე როგორც არ არსებობს ორი იდენტური თითის ანაბეჭდი, ასევე არ არსებობს ორი იდენტური კომპიუტერული სისტემა (მაგალითად, კომპიუტერები, რომელთაც ახლა უსხედხართ). როდესაც ინტერნეტში შედიხართ, თქვენ (უფრო სწორედ, თქვენი ბრაუზერი) ტოვებთ კვალს, რომელიც ერთობ ინფორმაციული შეიძლება იყოს.

ვებსაიტი browserspy.dk გეტყვით რა უნიკალურ კვალს ტოვებს თქვენი ბრაუზერი ინტერნეტში. როდესაც ამ საიტზე შეხვალთ, მარცხენა სვეტში სხვადასხვა ტესტებია ჩამოწერილი. სულ 80-მდე ტესტია, რამდენიმე მათგანი მხოლოდ Internet Explorer-ზე ან სხვა სპეციფიკურ ბრაუზერზე მუშაობს. მარცხენა სვეტში რომელიმე ბმულზე დაჭერისას ხორციელდება ტესტი და აგრეთვე ახსნილია თუ რა ინფორმაციის და რა მეთოდით მიღებას ისახავს ის მიზნად.

browserspy.dk მოიცავს ისეთ ტრივიალურ ტესტებს, როგორიცაა IP-სა და თქვენი ინტერნეტის გამტარუნარიანობის (bandwidth) გაგება და ამოცნობა, თუ რომელი ბრაუზერით ხართ ინტერნეტში შესული. ამას გარდა ის გაცნობებთ: აქვს თუ არა თქვენს ბრაუზერს ActiveX-ის, Adobe Reader-ის, AJAX-ის და სხვა (ვებ) ტექნოლოგიების მხარდაჭერა. იგებს თუ როგორი პოლიტიკა გაქვთ cookies-ების მიმართ (რა შეიძლება იყოს cookie-ს მაქსიმალური ზომა, ჯამში რა მოცულობის cookies-ს მიღება შეუძლია ბრაუზერს, რა cookies-ები გაქვთ სისტემაში იმ მომენტში და ა.შ.).

ყველა ტესტის ჩამოთვლა საჭირო არ არის, მაგრამ browserspy.dk-ს ტესტებს შეუძლიათ გაიგონ, რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ (მისი ვერსიისა და სხვა წვრილმანების ჩათვლით), გაქვთ არა გარკვეული პროგრამები (მაგალითად, MS Office-ს უფასო ალტერნატივა Libre Office) დაინსტალირებული, გაქვთ თუ არა დაყენებული DirectX, რომელი საათია თქვენი კომპიუტერული სისტემის მიხედვით და რომელი სასაათო სარტყელი გაქვთ მითითებული და ა.შ.

ერთ ტესტი (Mathematical Information) JavaScript-ის მეშვეობით თქვენს სისტემას გარკვეულ მათემატიკურ გამოთვლებსაც გააკეთებინებს და წარმოგიდგენთ პის, სხვადასხვა რიცხვების ლოგარითმებსა და მათ კვადრატულ ფესვებს.

შესაძლებელია აგრეთვე დადგინდეს რა ფონტები გაქვთ სისტემაში დაინსტალირებული. აღმოჩნდა, რომ 441 ფონტი მქონია და მათი სახელწოდებებიც ჩამოიწერა.

საბოლოო ჯამში, საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია გამოდის. browserspy.dk-ზე თავმორილი ტესტების უმრავლესობას სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციები უკვე დიდი ხანია იყენებენ. ისინი, უპირველეს ყოვლისა, აპლიკაციების უფრო user friendly გარდაქმნასა და მოხმარების სიადვილის (usability) გაუმჯობესებას ემსახურებიან. მაგალითად, ფონტების ტესტის შემდეგ ვებ აპლიკაციამ შესაძლოა თქვენთვის სასურველი კონტენტი უფრო მისაღები ფორმით წარმოგიდგინოთ.

ცხადია, თუ ვინმე თქვენი ბრაუზერის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას usability-სთვის იყენებს, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ინფორმაციას თავიანთ სასარგებლოდ და თქვენს საზიანოდ გამოიყენებენ. შესაძლებელია, სისტემისა და ბრაუზერის ისე დაკონფიგურირება, რომ თქვენს შესახებ გაცილებით ნაკლები ინფორმაცია იყოს ცნობილი და თავად ბრაუზერიც უფრო უსაფრთხო გახდეს სხვადასხვა script-based შეტევების მიმართ (ამაზე სხვა პოსტში დავწერ). თუმცა ბრაუზერი სრულიად უჩინარი ვერასოდეს გახდება. თუ ინტერნეტში სადმე წააწყდით ინფორმაციას, რომ ბრაუზერის რაღაც setting-ების შეცვლით შესაძლებელია FBI-ის ისე დაჰაკვა, რომ ვერ მოგაგნებენ – ტყუილია.

უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და თქვენი სისტემის შესახებ ინფორმაციის გაუვრცელებლობის უზრუნველყოფის ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი (რომელიც ყველა პრობლემას ვერ აგვარებს, თუნდაც იმიტომ, რომ მრავალი სხვდასხვა ვებ ტექნოლოგია/პლატფორმა არსებობს და ერთის გათიშვა არ არის საკმარისი) ბრაუზერში სკრიპტების (JavaScript-ის) აღსრულების აკრძალვაა.

ქრომში ეს შემდეგნაირად კეთდება:

Settings –> Show Advanced Settings –> Privacy –> Content Settings (გაიხსნება ახალი ფანჯარა) –> JavaScript –> მონიშნეთ Do not allow any site to run JavaScript –> OK

სხვა ბრაუზერებისთვის დაგუგლეთ disable JavaScript in Firefox/Internet Explorer/Opera. . .

მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მრავალი ვებ საიტი იყენებს JavaScript-ს კონტენტის უკეთ პრეზენტაციისთვის. ამას გარდა, ბრაუზერებს ჩაშენებული და ამოქმედებული აქვთ თავდაცვის გარკვეული მექანიზმები by default. როდესაც ვებ აპლიკაცია თქვენს სისტემას რაიმე კოდის/სკრიპტის (მაგალითად, Java-ში დაწერილის) აღსრულებას სთხოვს, წესითა და რიგით, ბრაუზერზმა მისამართის ზოლის ქვემოთ (ან სხვა თვალსაჩნო ადგილას) გაფრთხილება უნდა ამოაგდოს, რომელიც კოდის გაშვებისთვის თქვენს ნებართვას ითხოვს:

ამიტომ რაღაცეების ტოტალურად გათიშვაზე უფრო ეფექტური კონკრეტული სიტუაციისადმი რაციონალური მიდგომა და ბრაუზერების უსაფრთხოების  საკითხზე ინფორმაციის მოძიება მგონია.

გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ზომის მიღებაც. HTTP პროტოკოლს, რომელიც ინტერნეტში მონაცემთა გაცვლისა და კომუნიკაციის საფუძველია, აქვს ერთგვარი ფუნქცია, რომელსაც ეწოდება do-not-track (DNT). ეს ფუნქცია ბრაუზერიდან უნდა ჩართოთ (როგორც ამბობენ, ქრომში ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება 2012 წლის ბოლოდან), რის შემდეგაც თქვენი ბრაუზერი ვებ საიტს ეტყვის, რომ თქვენ არ გსურთ მას (ვებსაიტს) მიაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ მოხვდით მასთან. გაითვალისწინეთ, რომ საიტების (სერვერების) ნაწილს შეუძლია უგულებელჰყოს თქვენი სურვილი და მაინც ჩაინიშნოს როგორ მოხვდით მასთან.

Firefox-ში do-not-track-ის გააქტიურებისთვის:

Tools –> Options –> გამოვა ახალი ფანჯარა, სადაც უნდა მონახოთ Privacy –> მონიშნეთ Tell websites I do not want to be tracked

ამ მეთოდების გარდა, შესაძლებელია ასევე კომპიუტერიდან Java-ს და სხვა პლატფორმების (Adobe Flash) ამოინსტალირებაც. მაგრამ გაწვალდებით. მაგალითად, Flash-ის მოსპობის შემთხვევაში, YouTube-ით ვეღარ ისიამოვნებთ.

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments