Posts Tagged ინფორმაციული ინფრასტრუქტურა

კანონპროექტი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

თებერვალში პარლამენტში შევიდა კანონპროექტი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ (რეგისტრაციის #07–3/550; 03.02.2012). თუ უახლოეს მომავალში პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, ის ძალაში ივნისში შევა.

კანონი საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების გარემოში რადიკალური ცვლილებების საფუძველი იქნება. მისი მთავარი თემა ე.წ. კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურა და მისი დაცვაა.

კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კანონპროექტის მე–2 მუხლი განსაზღვრავს როგორც:

იურიდიული პირების, სახელმწიფო ორგანოებისა და საქმიანობის სფეროების ერთობლიობა, რომელთა ინფორმაციული სისტემების უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონკრეტული სია კანონის მიღებიდან 6 თვეში უნდა დადგინდეს. მას, სავარაუდოდ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ჩამოაყალიბებს და საქართველოს პრეზიდენტი დაამტკიცებს.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემების განსაზღვრა აუცილებელია ქვეყნის კიბერ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებისთვის. სიაში სავარაუდოდ შევლენ ბანკები, ინტერნეტ სერვის პროვაიდერები, საკომუნიკაციო კომპანიები, სამთავრობო სააგენტოების ინფორმაციული სისტემები, ქვეყნის ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგებაზე პასუხისმგებელი სისტემები. . . კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიაში (სავარაუდოდ) არ შევლენ სამხედრო ინფორმაციული სისტემები:

1. კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, პირველ რიგში, სამოქალაქო ობიექტები მოიაზრებიან.

2. სამხედრო უწყებები თავად უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი თავიანთ ინფორმაციულ სისტემებზე.

ინფორმაციული უსაფრთხოების მხრივ, სამოქალაქო და სამხედრო სფეროები გაყოფილი უნდა იყოს. კომპეტენციათა აღრევამ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემები გამოიწვიოს. თუ სამოქალაქო ობიექტებზე კიბერ თავდასხმა ხორციელდება და მათ სამხედრო უწყება პასუხობს, ეს, შესაძლოა, სამხედრო აგრესიად ჩაითვალოს – კიბერ უსაფრთხოების მხრივ საერთაშორისო სამართლის აქტების სიმწირე მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალება იძლევა. თეორიული სამართლებრივი პრობლემების წარმოშობა სამოქალაქო და სამხედრო კიბერ სფეროების გამიჯვნის ერთადერთი მიზეზი არ არის. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტისა და კონკრეტულ საფრთხეებზე პასუხისთვისაც დომენების გაყოფა უფრო ეფექტურია.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის სია დადგინდება (უნდა დადგინდეს) საქართველოს კიბერ შესაძლებლობების გათვალისწინებით. კრიტიკული ინფრასტრუქტურის საყოველთაოდ მიღებული სია არ არსებობს – ყველა ქვეყანას ის ობიექტები შეჰყავს, რომელთა დაცვის უნარიც რეალურად გააჩნია (და რომლებიც რეალურად კრიტიკულად მნიშვნელოვანნი არიან ქვეყნისთვის).

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიერ გარკვეული სავალდებულო ღონისძიებების გატარებას. კანონში გათვალისწინებული რამდენიმე პუნქტი ქართული ბიზნეს გარემოსათვის სრულიად ახალი იქნება:

1. ობიექტები ვალდებული იქნებიან ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა შეიმუშავონ.

2. ობიექტებს უნდა ჰყავდეთ ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი.

3. ობიექტებს უნდა ჰყავდეთ ჯგუფი, რომელიც ამ ობიექტის ინფორმაციური უსაფრთხოების უზრუნველყოფით იქნება დაკავებული.

4. კანონი ობიექტებს ავალდებულებს ინფორმაციული სისტემების აუდიტსა და დატესტვას (penetration testing – შეღწევადობის დატესტვა ანუ სისტემის მდგრადობისა და დაცულობის შემოწმება). აუდიტისა და ტესტინგის სტანდარტებს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო დაადგენს.

5. კანონი აგრეთვე განსაზღვრავს კრიტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტებისათვის მონაცემთა/ინფორმაციის კლასიფიკაციის 4 დონეს: კონფიდენციალური (Confidential), შეზღუდული (Restricted), არაკლასიფიცირებული (Declassified), ღია (Public).

ინფორმაციის კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა გაამარტივებს ინფორმაციის მენეჯმენტსა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მეორეს მხრივ, რადგანაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიაში სხვადასხვა სფეროს ობიექტები შევლენ, შესაძლოა, 4–დონიანი კლასიფიკაცია მათ საქმიანობას არ შეესაბამებოდეს. თუმცა ამის შანსი არცთუ მაღალია, რადგანაც კლასიფიკაციის ეს ფორმატი ინფორმაცის ეფექტურად დახარისხების საშუალებას იძლევა (უხეშად რომ ვთქვათ, 4 დონე არც ცოტაა და არც ზედმეტი; გარდა ამისა, არ არის აუცილებელი კომპანიამ კლასიფიკაციის ოთხივე დონე გამოიყენოს – შესაძლოა, მას საერთოდ არ ჰქონდეს ღია ან კონფიდენციალური ინფორმაცია).

სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში მთავარ პასუხისმგებლობას იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო აიღებს. იგი დაადგენს აუდიტისა და ტესტინგის სტანდარტებს. ამჟამად საქართველოს ბაზარზე ინფორმაციული სისტემების აუდიტს მხოლოდ DPA სთავაზობს, პენეტრაციის ტესტინგის კომპანია კი არ არსებობს. შესაძლოა, ორივე მიმართულებით საქართველოს ბაზარზე უცხოური კომპანიები შემოვიდნენ ან მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შეითავსოს ეს ფუნქციები.

კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების (CERT – Computer Emergency Response Team) ჯგუფის უფლება–მოვალეობებს. CERT კომპიუტერული ინციდენტების/საქართველოზე კიბერ შეტევების დროს, ტექნიკური თვალსაზრისით, თავდაცვის წინა ხაზი გახდება. თუმცა CERT–ის ფუნქციები მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურით არ უნდა შემოიფარგლოს. CERT.gov.ge–ს კომპეტენციას, მუშაობის პროცედურებს, რეაგირების მექანიზმებსა და საქმიანობის სხვა წესებს მონაცემთა გაცვლის სააგენტო შესაბამისი ნორმატიული აქტით დაადგენს.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისათვის (CIIP/CIP – Critical Information Infrastructure Protection) ორი ძირითადი მიდგომა არსებობს:

1. CIP განსაზღვრულია კანონით, მთავრობას მხოლოდ დაცვის უზრუნველყოფის მონიტორინგის ფუნქციები აკისრია, დაცვაზე პასუხისმგებლობის უდიდეს ნაწილს იღებენ თავად ობიექტები – ასეთი მიდგომა აპრობირებულია ქვეყნებში, სადაც IT სფერო კარგად არის განვითარებული, სადაც კრიტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუძლიათ თავად უზრუნველყონ თავიანთი სისტემების დაცვა (რასაც, სავარაუდოდ, კანონის მიღებამდე ობიექტები ისედაც აკეთებდნენ).

2. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე პასუხისმგებლობის ნაწილი გაყოფილია თავად ობიექტსა და სახელმწიფოს შორის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო არიან CIP ინიციატორი, მიმართულების განმსაზღვრელი და მთავარი მოქმედი პირი. საქართველოში სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება IT სექტორის სისუსტიდან გამომდინარე ბუნებრივია.

კანონპროექტის გამოქვეყნებისთანაზე ქართულ მედიაში გაჩნდა ეჭვები, რომ კანონპროექტს მთავრობა ინტერნეტ კონტროლისთვის გამოიყენებს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ვრცელდება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რაც მე–3 მუხლის პირველ ქვეპუნქტშია განსაზღვრული.

კანონპროექტის მე–8 მუხლის მე–4 ქვეპუნტის მიხედვით, ობიექტზე კიბერ შეტევის შემთხვევაში, CERT.gov.ge–ს ექნება უფლება ობიექტისგან მოითხოვოს ინფორმაცია (თუნდაც კონფიდენციალური) ან წვდომა ინფორმაციულ აქტივზე თუ ეს შეტევის/საფრთხის აღმოფხვრისთვის იქნება საჭირო. კანონში კონკრეტულად არის განსაზღვრული, რომ ასეთი ინფორმაცია ან წვდომა უნდა შეესაბამებოდეს ინციდენტზე რეაგირების საჭიროებებს და შეთანხმებული იქნება ობიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების ობიექტთან (მეორეს მხრივ, თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი თავად შეძლებს კიბერ ინციდენტთან გამკლავებას, CERT.gov.ge–ს ჩარევის საფუძველი არ ექნება). კანონპროექტის მე–8 მუხლის მე–4 პუნქტი:

სწრაფი რეაგირების ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს წვდომა  კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარი კომპიუტერული ინციდენტზე სათანადო რეაგირებისათვის. კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, მოთხოვნის გონივრულ ვადაში განხილვის შედეგად, სწრაფი რეაგირების ჯგუფს დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი წვდომის შესაძლებლობის თუ შეუძლებლობის შესახებ.

ამ პუნქტში გაურკვევლობას იწვევს ბოლო წინადადება. გაუგებარია შეუძლებლობაში იგულისხმება შეუძლებლობა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო თუ შეუძლებლობა (ობიექტის მხრიდან) სურვილის არქონის გამო.

გარდა ამისა, როგორც კანონიდან, ისე მისი განმარტებითი ბარათიდან ჩანს, რომ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში უფლებამოსილება მხოლოდ საჯარო სექტორსა და კრიტიკური ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ვრცელდება. ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის ფარგლებში ინტერნეტ–ცენზურის  ან სახელმწიფო პოლიტიკური კონტროლის რაიმე მექანიზმის განხორციელება პრაქტიკულად გამორიცხულია.

დაისვა კითხვები, თუ რაში სჭირდებათ კერძო ობიექტებს (მაგალითად, ბანკებს) ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სახელმწიფოს დახმარება, თუ ამას თავადაც ახორციელებენ. პირველ რიგში, საქართველოს IT სფეროში შესაბამისი კვლევების არარსებობის გამო, რთული სათქმელია კერძო თუ საჯარო ობიექტები თავიანთ ინფორმაციულ უსაფრთხოებას რა დონეზე უზრუნველყოფენ. 2007 წელს ესტონეთზე კიბერ შეტევები განხორციელდა. ესტონურ ბანკებს (მაგალითად, შვედურ ბანკ Swedbank–ის ესტონურ განშტოებას) თავდასხმის მოგერიება გაუჭირდათ.  მათი საქმიანობის (ინტერნეტ ბანკინგის სერვისი, ბანკომატების მომსახურება და სხვ.) შეფერხება დღეზე მეტხანს გაგრძელდა მაშინ, როდესაც მათი ინფორმაციული უსაფრთხოება საქართველოში ამჟამად არსებულზე მაღალ დონეზე იდგა (საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების კანონპროექტის გათვალისწინებული ღონისძიებები უკვე წლების მანძილზე ხორციელდებოდა).

საბოლოო ჯამში, კანონი, თუ მიღებულ იქნა, ქვეყნის ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. სამართლებრივი საფუძვლის ჩაყრას, ტექნიკური შესაძლებლობების (როგორც მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და CERT.gov.ge–ს მხრიდან, ისე კერძო სექტორში) განვითარება უნდა მოჰყვეს. კრიტიკური ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარება იქნება წინაპირობა, ქვეყანამ თავიდან აიცილოს ისეთი ტოტალური ჩავარდნა, როგორიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა საქართველოზე კიბერ შეტევების დროს. გარდა ამისა, კანონპროექტში განსაზღვრული სხვა პუნქტები IT კერძო სექტორის განვითარების წამხალისებელიც უნდა გამოდგეს.

მხოლოდ ეს კანონი საკმარისი არ იქნება კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის განსაზღვრის და მათ მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების გარეშე. კანონპროექტი ზოგადად აღწერს შესაბამისი უწყებების უფლება–მოვალეობებს – მომავალში მეტი კონკრეტიკა გახდება საჭირო (რაც გათვალისწინებულია კიდეც კანონში სხვადასხვა უწყებების მიერ დამატებითი საკანონმდებლო აქტების მიღების საშუალებით). საქართველოს მალე კიბერ უსაფრთხოების კონცეფციაც უნდა ჰქონდეს. საქართველო ამ დოკუმენტებში სხვა ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა. თუმცა ისინი მხოლოდ ზოგადი პრინციპებსა და მიმართულებებს განსაზღვრავენ  და რაიმე გაუგონარი მათში არ ჩაიწერება.

, , , , , , , , , , ,

Leave a comment